თბილისის მერმა ზემო ფონიჭალაში სასწრაფოს ახალი ქვეფილიალი გახსნა

თბილისის სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ცენტრმა ზემო ფონიჭალაში განახლებული ქვეფილიალი გახსნა. ქვეფილიალი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ცენტრის დირექტორმა თემურ ბარკალაიამ კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გახსნეს.
ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ: მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.
თბილისის მერის განცხადებით, ახალ ქვეფილიალს ორი სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა მოემსახურება, რაც უბნის მოსახლეობისათვის მისამართზე მოკლე ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასწრაფო დახმარების სისტემაში ადგილზე დაგვიანებით მისვლა იყო. ამ უბანში დაგვიანება იმის გამო ხდებოდა, რომ ბრიგადებს შორი მანძილიდან უხდებოდათ მისვლა. ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფოს ახალ ხელმძღვანელობას დამატებით ქვეფილიალის გახსნა დაევალა, სადაც ორი სრულად აღჭურვილი ბრიგადა იმუშავებს და ზემო და ქვემო ფონიჭალას მოემსახურება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თემურ ბარკალაიას თქმით, ვითარების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ უბანში დამატებითი ქვეფილიალის გახსნის საჭიროება იყო. მისივე თქმით, იქმნება ახალი გეოგრაფიული სამედიცინო რუკა, რომლის საფუძველზეც გადახალისდება სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადები და ფილიალები.
„ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი. აღნიშნული ქვეფილიალის გახსნა საგრძნობლად შეამცირებს იმ დროს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ უბნებში მისვლამდე სჭირდება“, – განაცხადა თემურ ბარკალაიამ.
ამჟამად თბილისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 93 სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა ემსახურება. ქალაქში 13 ფილიალი და უკვე 3 ქვეფილიალია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არსებული საკითხების შესწავლა და მოგვარება თბილისის მერმა ცენტრის ახალ ხელმძღვანელობას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთი თვის წინ დაავალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ახალი, ქმედითი და ეფექტური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქვეფილიალების შექმნას, პერსონალის გადამზადებას, სამედიცინო და სხვა აპარატურის, ინვენტარის, მანქანების განახლებას, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის და მენეჯმენტის მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები