საკრებულოში „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ანგარიში განიხილეს
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული „ა.ა.ი.პ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ანგარიში განიხილა.
საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის მიერ ანგარიშის გამოთხოვნის მიზანს თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების შესრულების პროცესის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
საქალაქო სამსახურის უფროსმა – გიორგი არეშიძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა – თემურ თორდინავამ საკრებულოს დეპუტატებს ის პროექტები გააცნეს, რომლებიც უკვე განახორციელდა ან განხორციელების პროცესშია.
თამარ ტალიაშვილის შეფასებით, 8 თვის განმავლობაში განათლების სფეროში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ანგარიშის წარმომდგენებს და მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული მუშაობისთვის.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ დეტალური ანგარიშები საქალაქო სამსახურის უფროსისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისგან. ანგარიშში დეტალურად იყო წარმოდგენილი ინფორმაცია შესრულებულ და სამომავლო ღონისძიებებზე. თუმცა, იგეგმება კიდევ უფრო გააქტიურება და განათლების კომპონენტის გაძლიერება. ჩვენ 2015 წელს უნდა გვქონდეს განათლების განვითარების სტრატეგიის პოლიტიკა, რათა ბიუჯეტი კიდევ უფრო პროგრამული და შესაბამისად, მისი შესრულების პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები და მათ საშუალება მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაცია მიეღოთ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისგან.