რას აცხადებს ხორცის კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის პროდუქციის გამოც ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერდა
სამტრედიის საბავშვო ბაღების ხორცით მომმარაგებელი, შპს „ნინიკოს“ ხელმძღვანელი ნუგზარ მარკოიძე მის კომპანიაში უვარგისი ხორცის არსებობას უარყოფს. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, იგი ხორცს სასაკლაოდან ყიდულობს, პროდუქტს მოჰყვება „ფორმა 2“ და ვარგისიანობას მის მიერ დაქირავებული ექიმიც ამოწმებს. მარკოიძის თქმით, მისი ობიექტიდან ხორცი „ნორმალური და ჯანმრთელი“ გავიდა. იგი ეჭვობს, რომ პროდუქტი შესაძლოა, ტრანსპორტირებისას, დამუშავებისას ან შენახვისას დაბინძურდა.
„მე სასაკლაოდან ვიყიდულობ ხორცს, მას მოყვება „ფორმა 2“, მყავს ექიმი და ის ამოწმებს, ურტყამს ბეჭედს და აწერს რეზოლუციას, თუ სად, რომელ ბაღში მიდის ხორცი. სამტრედიაში პროდუქტი კონტეინერებით გადაგვაქვს. დანარჩენი მე არაფერი არ მეხება. ჩემი კომპანიიდან გავიდა ნორმალური და ჯანმრთელი ხორცი, მაგრამ იქ რა ხდებოდა და რა მოხდა, არ ვიცი. მე ყველა ბაღში ექიმის შემოწმებული ხორცი გამაქვს. შესაძლოა, ბაღში დაჭრის პროცესში ან მაცივარში შენახვისას ხორცი დაბინძურდა და მასში ნაწლავური ჩხირი ამიტომ აღმოჩნდა. მე არ შემომიწმებია და არ ვიცი. შესაბამისი სამსახური გაარკვევს, ასეთი ხორცი სასაკლაოდან არის წამოსული, თუ რაიმე გადაადგილების დროს, ან დამუშავების პროცესში მოხდა. ამას გაარკვევს სამსახური, რომელსაც ეს ეხება და ევალება“, – ამბობს მარკოიძე. მას იმედი აქვს, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ საქმიანობას გააგრძელებს და საბავშვო ბაღებს ხორცით კვლავ მოამარაგებს. „ჯერჯერობით არაფერი არ შემწყვეტია, სანამ არ დაასრულობენ მოკვლევას. ბაღებში დეზინფექციას აკეთებენ და ამის მერე განვაგრძობთ მუშაობას. თუ გამოვლინდა ჩემი ბრალეულობა, ალბათ, შემიწყვეტენ ხელშეკრულებას. ახლა ობიექტი დახურულია“, – აცხადებს შპს „ნინიკოს“ ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ ხორცში აღმოჩენილი ნაწლავური ჩხირის გამო, სამტრედიის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, სამტრედიის მე-9 ბაღში ხორცში ჯანმრთელობისთვის საშიში სალმონელეზის ნაწლავური ჩხირი აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამტრედიის ყველა ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ განახლდება, მანამდე კი ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.