1910 წლის პარიზის წყალდიდობა და 8 მეტრით ადიდებული სენა

პარიზი, როგორც საფრანგეთის დედაქალაქი, ყოველთვის იყო კულტურის, ხელოვნებისა და ინოვაციის ცენტრი, თუმცა 1910 წლის იანვარში ქალაქის მშვიდი ცხოვრება, ბუნებრივი კატასტროფის გამო, მყისიერად შეიცვალა.

1910 წლის დასაწყისში, ნალექების წყალობით, მდინარე სენას დონე ძალიან მაღალი აღმოჩნდა. მთელი იანვარი, ფაქტობრივად, წვიმიანი იყო, რაც ხელს უწყობდა მდინარის ადიდებას. 1910 წლის იანვრის ბოლოსთვის სენას დონე, დაახლოებით 8 მეტრით გაიზარდა და მდინარემ უფრო სწრაფად დაიწყო დენა. პარიზი არა უშუალოდ სენას კალაპოტებიდან გადმოსული წყლით, არამედ კანალიზაციის, სანიაღვრეებისა და მეტროს გვირაბების მეშვეობით დაიტბორა. დედაქალაქის აღმოსავლეთით და დასავლეთით მეზობელ ქალაქებში მდინარე კალაპოტიდანაც გადმოვიდა და პირდაპირ დატბორა მიმდებარე რელიეფი.

პარიზელები მომხდარმა შეძრა. მოსახლეობის ნაწილმა ევაკუაცია მოასწრო, სანამ ქუჩები და საცხოვრებელი სახლები წყლით დაიტბორებოდა. წყალმა უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პარიზული უბანი მთლიანად დაიტბორა, მათ შორის იყო ცნობილი Le Marais და Saint-Germain-des-Prés. სტიქიასთან ბრძოლაში ასობით მოქალაქე ჩაერთო.

პოლიცია, მეხანძრეები და ჯარისკაცები ნავებით გადაადგილდნენ დატბორილ ქუჩებში და შენობების მეორე სართულის ფანჯრებიდან მაცხოვრებლების ევაკუაციასა და დახმარებას ცდილობდნენ. ადამიანები შეიკრიბნენ ეკლესიებში, სკოლებსა და სამთავრობო შენობებში სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფრებში. მიუხედავად სირთულისა, მუშებმა შეძლეს სენას შეჩერება ნაჩქარევად აშენებული ნაპირებით.

ძალიან სერიოზული საფრთხე დაემუქრათ ქალაქის ისტორიული ძეგლებს, განსაკუთრებით კი, მუზეუმებსა და ხიდებს.

წყალდიდობა, თითქმის, ერთ კვირას გაგრძელდა, თუმცა სენა ნორმალურ დონეს მარტში დაუბრუნდა. წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალი, დღევანდელი ფულით, 5 მილიარდ დოლარს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ზარალისა და წყალდიდობის ხანგრძლივობის მიუხედავად, დაღუპულები არ დაფიქსირებულა.

ამ ტრაგედიის შედეგად პარიზი მოემზადა იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები აღარასდროს განმეორებულიყო, მაგრამ 1910 წლის წყალდიდობა ადამიანების მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია. წყალდიდობამ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარებაც განაპირობა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაც დააჩქარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები