ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის  სხდომა გაიმართა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის  სხდომა გაიმართა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შტაბის ხელმძღვანელმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამსახურებიდან ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს აუცილებელია და რისთვისაც ყველა რესურსს გამოვიყენებთ,  დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით გადავლახავთ იმ პრობლემებს, რაც ამ ეტაპზე  დიდთოვლობამ შეგვიქმნა“ – განაცხადა ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ.

„სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, ზურაბ ცარციძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ქალაქის და სოფლების გზები თოვლის საფარისგან იწმინდება და დღის ბოლომდე  ყველა ცენტრალური გზა იქნება გახსნილი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ჭიათურის ფილიალის უფროსის, რატი ჩაგელიშვილის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია ჭიათურის  მხოლოდ ერთ სოფელს – თვალუეთს არ მიეწოდება, სადაც ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

წყალი და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს შეუფერხებლად მიეწოდება. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი ამ ეტაპისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ჭიათურის მერის დავალებით, მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ჰუმანიტარული ჯგუფი. ჯგუფის წევრები მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება დადგება, უზრუნველყოფენ მოსახლეობის ყველა საკითხის მოგვარებას, იქნება ეს გადაადგილება,  სახლის გადათოვლა, მედიკამენტით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ.

შტაბი სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

მუშაობს ცხელი ხაზი. ყველა შემოსულ ზარზე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფბ გვერდებზე ხდება დროული რეაგირება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები