მერის არჩევნებზე ბარიერის 40 %-მდე გაზრდას უმრავლესობა მხარს უჭერს

  ფრაქცია “ქართული ოცნების” შეხვედრაზე თბილისის მერის არჩევნებზე ბარიერის 30 %-დან 40 %-მდე გაზრდის შესახებ იმსჯელეს. საპარლამენტო უმრავლესობა ბარიერის გაზრდას ემხრობა.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, 40%-ით არჩეული მერი გაცილებით მაღალი ლეგიტიმურობით არჩეული ადამიანი იქნება, ვიდრე აქამდე იყო.
“კარგია, რომ, საერთოდ, მერების და გამგებლების არჩევნები ტარდება. ეს არის საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის მომავალში. პირველი, მაგრამ საკმაოდ მძლავრი ნაბიჯი იქნება, თუ ეს ბარიერი 40% იქნება და არა – 30%, როგორც აქამდე იყო. 40%-მდე ზრდასთან დაკავშირებით ფრაქციამ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა ჩვენ კიდევ განვიხილავთ ამ თემას”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ფრაქციის კიდევ ერთი წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, თავდაპირველად ბარიერის 50 %-მდე გაზრდის საკითხზე გამოითქვა მოსაზრება, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ყველაზე უფრო მისაღები 40 %-მდე გაზრდაა.
“გამოითქვა აზრი, რომ შეიძლება 50% იყოს ეს ბარიერი, მაგრამ შევთანხმდით, რომ 40% ყველაზე უფრო მისაღებია დღეს. ამას ეთანხმება თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები