“ამას ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან დიდი ეფექტი ექნება, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის სიძლიერის მიმართულებითაც”- ოთარ ანგურიძე 6 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ შეთანხმებაზე 

“ერთია, რომ ასეთი ტიპის მოცულობითი ინვესტიცია ხორციელდება და მეორეა, რომ ამას ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან დიდი ეფექტი  ექნება, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე თავად ეკონომიკის სიძლიერის და სიჯანსაღის მიმართულებითაც”- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ 6 მილიარდი  დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ინვესტიციის მოცულობა ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოა.

“როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, იმ პერიოდიდან სულ გვესმის, რომ საქართველო აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ხიდი უნდა იყოს, ეს პოტენციალი უნდა გამოიყენოს. ერთი გამოხატულება იყო ის, რომ  ეს ხიდი საქართველოზე გავიდეს, ესაა აბრეშუმის გზა, რომლის ინფრასტრუქტურული მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მეორე სწორედ აღმოსავლური ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში მოზიდვაა, რაც შემდგომში ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განხორციელდება სწორედ დეველოპერული და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს, პრაქტიკულად, ისეთი ტიპის სიახლეს შემოიტანს, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ესაა ინვესტიციის მოცულობა, რაც ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოა. ასეთი მოცულობის ინვესტიცია არცერთ ჯგუფს არ განუხორციელებია. ასეთი ტიპის ამბიციური პერსპექტივაცაა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასთან,  შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს. ესეც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ წელს უკვე აქტიურ ფაზაში შევა ანაკლიის პორტის მშენებლობაც, ასევე წელს ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით  მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. უკვე ახალი ინვესტიციაც, რაც არაბული ინვესტიციის სახით გაჩნდა, ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგ ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც მოუტანს, ასევე ძალიან კარგ შესაძლებლობასაც, რომ მომავალში ქვეყანა სტაბილურად განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო იყოს. ამხელა ტიპის ინფრასტრუქტურას და პროექტების განხორციელებას ძალიან ბევრი მუშა ხელი სჭირდება. ბუნებრივია, ეს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, რაც ავტომატურად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც განაპირობებს.

ერთია, რომ ასეთი ტიპის მოცულობითი ინვესტიცია ხორციელდება და მეორეა, რომ ამას ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან დიდი ეფექტი  ექნება, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე თავად ეკონომიკის სიძლიერის და სიჯანსაღის მიმართულებითაც”- განაცხადა ანგურიძემ.

შეგახსენებთ, 6 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ შეთანხმების თაობაზე გუშინ გახდა ცნობილი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია – ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები