“ახლა რაც ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ბუნებრივი პროცესია, საგანგაშო არაფერი არ ხდება”- ეკონომისტი ოთარ ანგურიძე

ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო  არაფერი არ ხდება. როგორც ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარის კურსი თავისუფალი გაცვლითი კურსით რეგულირდება, შესაბამისად, ის ცოტათი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება.

“ახლა რაც ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ბუნებრივი პროცესია. ლარის  კურსი თავისუფალი გაცვლითი კურსით რეგულირდება, შესაბამისად, ის ცოტათი ხან გადაიხრება, ხან გადმოიხრება. ეს ჩვეულებრივი, ნორმალური სიტუაციაა, რაც ამ ტიპის ვალუტებს ახასიათებთ. საგანგაშო არაფერი არ ხდება. განსხვავდება იმისგან, რაც შემოდგომაზე,  წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა, როდესაც მუდმივად გაუფასურების ტრენდი იყო. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს რამდენჯერმე ჩარევა მოუწია იმისთვის, რომ ლარის კურსი დაესტაბილურებინა. რატომ ჩაერია? იმიტომ,  რომ მაშინ არ იყო ფუნდამენტური მიზეზები,  რასაც შეიძლებოდა, პოტენციურად ლარის კურსზე ზეგავლენა მოეხდინა. ეს, ძირითადად, აჟიოტაჟური, ცრუ, ნეგატიური მოლოდინების შექმნის შედეგად იყო, რომლის ზეგავლენის ქვეშაც კერძო სუბიექტები მოექცნენ. მათ  სწრაფად, ერთჯერადად დიდი რაოდენობის დოლარის შესყიდვა დაიწყეს. როგორც კი არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, როდესაც ცრუ მოლოდინებმა თავისი რესურსები ამოწურა, ლარმა გამყარება მაშინვე დაიწყო. დღეს ვნახეთ, რა სიტუაციაა. მაშინ თუ ეროვნულ ბანკს უწევდა, რომ რეზერვები დაეხარჯა  იმისთვის, რომ ლარის კურსი დაესტაბილურებინა, უკვე ნოემბერ-დეკემბრის სტატისტიკაში გვაქვს მონაცემები, რომ, პირიქით, ეროვნულმა ბანკმა ეროვნული რეზერვების შევსება საკმაოდ დიდი რაოდენობით მოახდინა. ანუ ტენდენცია რადიკალურად შემობრუნდა, როდესაც ეს ცრუ მოლოდინები სტაბილური მოლოდინების პერიოდში გადავიდა, ამან ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, რომ ეროვნული რეზერვები თითქმის 4,5 მილიარდამდე გაეზარდა. მაშინ ეროვნულ ბანკზე შეტევა დიდი იყო, არავინ არ საუბრობდა იმაზე, მაგალითად, რა შეიძლებოდა,  მომავალში მომხდარიყო. ამასთან დაკავშირებით ძალიან ცოტა ხმა ისმოდა. ძალიან ბევრი ხმა ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, ქვეყანა იქცევა, საშინელი რაღაცები ხდება. ეს ხდებოდა იმისთვის, რომ მოსახლეობის, კერძო სუბიექტების ცნობიერებაში ცრუ, ცუდი მოლოდინები შექმნილიყო, რათა მოეხდინათ ის, რაც მოხდა. ანუ ლარის გაუფასურებაზე ზეწოლა მოეხდინათ. დღეს, როცა სიტუაცია შეიცვალა, პრაქტიკულად, არავინ აღარ საუბრობს იმ ჯგუფებიდან, რომლებიც მაშინ საუბრობდნენ, თუ რატომ ხდება რეზერვების შევსება ეროვნული ბანკის მხრიდან. ხდება იმიტომ, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, ის პოლიტიკური წნეხი მოიხსნა, რაც ლარის კურსზე, ეკონომიკაზე იყო. რა თქმა უნდა ზეწოლა ისევ რჩება, თუმცა პროცესები დასტაბილურებისკენ მიდის, პერსპექტივაში დადებითი მოლოდინები გაჩნდა, შესაბამისად, კერძო სუბიექტებმა იმ  დაგროვილი დოლარების უკან, ბაზარზე გამოტანა დაიწყეს. ამან ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა, რომ რეზერვები ისევ გაეზარდა. როგორც აღვნიშნე, რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი პროცესია. ლარის კურსი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება. ამდენად, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ორშაბათის მდგომარეობით ვნახეთ, რომ ლარის კურსი გამყარდა. ანუ, თუ წინა კვირაში მცირედით გაუფასურება გვქონდა, უკვე ამ კვირის დასაწყისიდან ვხედავთ, რომ ლარი გამყარებისკენ წავიდა” – განაცხადა ანგურიძემ.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს  იმისთვის, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე, გარკვეულწილად, ზეგავლენა მოახდინოს.

“გასული წელი საკმაოდ კარგად დაიხურა – 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, რაც ძალიან მაღალია, ევროპაში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ. ექსპორტის ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, რაც ლარის კურსზე ავტომატურად მოქმედებს, რადგან უცხოური ვალუტა შემოდის და სიტუაციას აბალანსებს. მთლიანობაში კარგი ზრდა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, ასევე გზავნილების მიმართულებით. პრაქტიკულად,  არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს იმისთვის, რომ გარკვეულწილად, ლარის კურსის გაუფასურებაზე ზეგავლენა მოახდინოს. ყველა მიმართულებით კარგი ზრდა გვაქვს,  რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია, ლარის კურსი სტაბილური იყოს”- განაცხადა ანგურიძემ.

ცნობისთვის,  დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8808 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8834 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები