თბილისში TRACECA-ს ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის უწყებათა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი.
მისასალმებელ სიტყვაში, გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა TRACECA-ს მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი მნიშვნელოვანი პლატფორმაა მის წევრ სახელმწიფოებს შორის სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გასაუმჯობესებლად.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დერეფნის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. მან ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალი და სხვა. გურამ გურამიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტების განვითარება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს TRACECA-ს დერეფანში ტვირთნაკადების გაზრდას.
მხარეების მიერ სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა სატრანსპორტო დერეფნის TRACECA-ს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის დერეფნის ფარგლებში სატრანსპორტო კავშირებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუმჯობესება და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დერეფანში როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო ტრანსპორტის სატვირთო ოპერაციების გაციფრულებაზე.
წევრი ქვეყნების ეროვნული მდივნები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 10 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით, საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში, 23.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტია. რაც შეეხება საქართველოს საზღვაო ნავსადგურებს, მათ, საანგარიშო პერიოდში ჯამურად 11.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.0%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/-კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10,848 TEU, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13-ჯერ მეტია.