„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ახალი ოფისი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ახალი ოფისი გახსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს ცნობით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მართლშეგნების ამაღლებას, მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებას. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტრენინგი, ტესტირება და კონსულტირება.
„სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი საქმიანობის გაფართოების საშუალებას იძლევა. ორგანიზაციებს შეუძლიათ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატრენინგო, საკონფერენციო და კომპიუტერულ აუდიტორიებში დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრენინგი, ტესტირება ან სასწავლო ღონისძიება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის სასწავლო ცენტრის რებრენდინგი განხორციელდა; შეიცვალა ლოგო და შეიქმნა ახალი საფირმო სტილი, რაც გულისხმობს ახალ ბრენდპლატფორმას. ახალი ბრენდი სრულად პასუხობს ცენტრის მრავალფეროვან მიზნებსა და საქმიანობას“, – აცხადებენ სამინისტროში.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში იყო განთავსებული, დღეიდან კი ცენტრს დამოუკიდებელი ოფისი ექნება. სასწავლო ცენტრის ახალ ოფისში სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ადმინისტრაციაც განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები