აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სირიის რეჟიმის სწრაფ დამხობას მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოულოდნელი უწოდა.
მისი თქმით, ISIS-მა შეიძლება ადგილზე არსებული სიტუაციით სარგებლობა სცადოს.
„ვფიქრობ, ყველა მოელოდა, რომ ასადის ძალებისგან ბევრად უფრო მკაცრ წინააღმდეგობას იხილავდა. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, როგორც მოვლენები ვითარდება, არსებობს შესაძლებლობა, რომ რეგიონში ისეთმა ჯგუფებმა, როგორიცაა ISIS, შეიძლება სცადონ, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და აღადგინონ თავიანთი შესაძლებლობები“, – დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ოსტინი გამოეხმაურა სირიაში ISIS-ის ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს და აღნიშნა, რომ დარტყმების შედეგებს ჯერ კიდევ აფასებენ.
„ვფიქრობ, აღმოვაჩენთ, რომ საკმაოდ წარმატებული ვიყავით“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. გუშინ ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია. პუტინმა ასადისთვის ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.