დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობამ შესაძლოა, ევროპაში ახალი მიგრაციული კრიზისი გამოიწვიოს
სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობამ შესაძლოა, ევროპაში ახალი მიგრაციული კრიზისი გამოიწვიოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასადის რეჟიმის დამხობა საფრთხის მომენტიც არის და შესაძლებლობაც.
როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყურადღებით დააკვირდება, თუ როგორ მოექცევიან სირიელი მეამბოხეები, რომლებიც ძალაუფლებას ხელში იღებენ, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას.
„ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი იწყებს სირიაში დაბრუნებას, დადებითი ნიშანია მათი უკეთესი მომავლის იმედისთვის ასადის წასვლის შემდეგ, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება ახლა. ეს ნაკადი სირიაში შეიძლება სწრაფად გადაიქცეს საპირისპირო ნაკადად და პოტენციურად გაზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იყენებენ სახიფათო, არალეგალური მიგრაციის მარშრუტებს კონტინენტურ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში“, – განაცხადა ლემიმ.