შალვა პაპუაშვილი: ევროპას, რომელიც მშვიდობის ინსტრუმენტი უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იარაღად აქცევენ

“ევროპას, რომელიც მშვიდობის ინსტრუმენტი უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იარაღად აქცევენ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ 2022 წელს კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინ, 2 კვირით ადრე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც 2 მოთხოვნა ჩაწერა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რუსეთისთვის სანქციების დაწესების პროცესში ჩართვა.

„ამით გამოაჩინეს, რა იყო რეალურად მაშინ მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმის სანაცვლოდ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვნიჭებოდა. როდესაც 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, 4 თვეში – ოქტომბერში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ეწერა, რომ მოლდოვაზეც წინ ვართ და უკრაინაზეც. როგორ აღმოჩნდა, რომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი? ეს ადასტურებს ერთ რამეს, რომ ევროინტეგრაციის ასეთი პოლიტიკური განზომილება ზოგიერთის მხრიდან, სამწუხაროდ, გამოიყენება, როგორც ხელისუფლებაზე ზეწოლის იარაღი.

შეგახსენებთ, ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოგვიწოდა, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვინდა, დავაზიანოთ თავად ევროპული ინტეგრაციის პროცესი, არ ვაქციოთ ტყვედ ამ პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის, როდესაც 27 ქვეყნიდან ერთი ქვეყანა მოისურვებს და გეტყვის: „გინდა, მოლაპარაკებას მხარი დავუჭირო? გაათავისუფლე სააკაშვილი“. აი, ამ დონეზე არ გვინდა, დავიყვანოთ ევროინტეგრაცია.

ჩვენ ვთქვით, რომ ასოცირების შეთანხმებას ვასრულებთ და ჩვენი მხრიდან არავის მივცემთ უფლებას, რომ მოლაპარაკების გახსნის საკითხი გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად. მიიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გახსნის შესახებ? – კი, ბატონო, მოგყვებით, გავაგრძელოთ შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ ჩავაყენებთ ქართველ ხალხს იმ მდგომარეობაში, რომ ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ იარაღად აქციოს მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნის საკითხი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები