შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციაზე რომ იყოს დამოკიდებული, სანქციებს კი არა, ტანკებს შემოაყვანინებდნენ სხვა ქვეყანას იმისთვის, რომ ძალაუფლება რამენაირად ჩაეგდოთ არადემოკრატიული გზით ხელში

“ოპოზიციაზე რომ იყოს დამოკიდებული, სანქციებს კი არა, ტანკებს შემოაყვანინებდნენ სხვა ქვეყანას იმისთვის, რომ ძალაუფლება რამენაირად ჩაეგდოთ არადემოკრატიული გზით ხელში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობა და ტერორი ხალხისთვის ევროპას არ ნიშნავს.

„ე.წ. სანქციები დღეს პოპულარული გახდა სხვადასხვა ქვეყნის თუ პოლიტიკოსის ხელში და ჩაანაცვლა სხვა ძალადობრივი მეთოდები ქვეყნებში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილებისა. ზუსტად ამისთვის გამოიყენება დღეს ასეთი ზეწოლის მეთოდები.

ოპოზიციას რაც შეეხება, სანქციებს კი არა, ტანკებს შემოუძღვებოდნენ, როგორც 100 წლის წინ გააკეთეს ბოლშევიკებმა. დღეს ჩვენ სინამდვილეში ვუყურებთ ნეობოლშევიკებს ჩვენი ოპოზიციის სახით. მეთოდები იგივე აქვთ. ეს არის თავისი არსით ძალადობრივი პოლიტიკური იდეოლოგია, რაც მათ აქვთ. ვხედავთ ჩვენ ნეობოლშევიკებს, რომლებიც ან ფიზიკურად ძალადობენ, თუკი ამის საშუალება აქვთ – ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე იყვნენ და სახელმწიფო ძალას იყენებდნენ ძალადობისთვის. და ვხედავთ ახლა – პირდაპირ მაშხალების საარტილერიო ცეცხლი ჰქონდათ გახსნილი ქართველი პოლიციელების და სპეცრაზმელების წინააღმდეგ, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომში იბრძოდა. ამ ხალხს ქართულმა ოპოზიციამ ესროლა მაშხალების საარტილერიო ცეცხლი. რა არიან ისინი, თუ არა ნეობოლშევიკები?

როდესაც ძალადობის საშუალება აღარ აქვთ, მას შემდეგ, რაც ამოიღო პოლიციამ მათი არტილერიული ცეცხლის მარაგები და დააკავა ძირითადი ორგანიზატორები, გადავიდნენ უკვე სიტყვიერ და მორალურ ძალადობაზე. რაც ასევე სუფთა ბოლშევიკური მეთოდებია, რასაც ვხედავთ. ზუსტად ასეთ ევროპას უთხრა უარი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც თქვა, რომ ძალადობა და ტერორი ჩვენი ხალხისთვის არ ნიშნავს ევროპას და რაც უნდა ოპოზიციას, რომ მიასაღოს ქართველ ხალხს, როგორც ევროპა. სამწუხაროდ, მათ ზოგიერთ უცხოელ მფარველსაც ეს უნდა. ვხედავთ მათ განცხადებებს. პირდაპირ იწონებენ ამ მაშხალების სროლასაც, მოლოტოვის კოქტეილსაც, ქვების სროლასაც. ამბობენ, რომ ჩვენ, ევროპელი პოლიტიკოსები გეუბნებით, რომ ეს მშვიდობაა – მშვიდობის ნიშნად ისროლე ქვა, მაშხალა, მშვიდობის ნიშნად მიდი ოჯახში და დაატერორე ადამიანები. ამას ამბობს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და რა თქმა უნდა, სირცხვილია, რასაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები