„ჩერნომორენერგოს“ დირექტორის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მხრივ კრიტიკული მდგომარეობაა
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა. ოკუპირებული რეგიონის ნაწილი შეიძლება საერთოდ დენის გარეშე დარჩეს,- ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა.
ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბის სხდომა გაიმართა. ჯინჯოლიამ სხდომაზე განაცხადა, რომ „ენგურჰესი“ ავარიული გათიშვის ზღვარზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის დიდ ნაწილს, შესაძლოა, ელექტროენერგია საერთოდ გაეთიშოს.
„წყალსაცავში წყლის დონე 410 მეტრს შეადგენს. წყლის მატების დღევანდელი დონის გათვალისწინებით, ჩვენ „ენგურჰესის“ ავარიული გათიშვის ზღვარზე ვართ“, – განაცხადა ჯინჯოლიამ.
მისივე თქმით, სოხუმმა რუსეთს ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდის თხოვნით უკვე მიმართა.
როგორც დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანგამ განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემაში შეიძლება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდეს.