თორნიკე რიჟვაძე: მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში, არნახული ზეწოლის მიუხედავად, გმირულად ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებას
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცველებს, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში, არნახული ზეწოლის მიუხედავად, მთელი თავისი პროფესიონალიზმით, გმირულად ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებას”, – ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
მისივე თქმით, არჩევანი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, ძალაშია.
“არაერთხელ აღნიშნა პრემიერმა, რომ თუკი რაიმე ხელშესახები შედეგი არსებობს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ეს ყველა მიღწევა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული. ჩვენი არჩევანი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, არის ძალაში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით რეფორმების გატარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არავის მივცემთ საშუალებას, მოლაპარაკებები გამოიყენონ ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშანტაჟების მიზნით. ამ ქვეყნის მტრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე ძალები ცდილობენ, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის შემოსატანად. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც სკოლის მოსწავლეების ჩართვა ხდება ამ პროცესებში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.