“სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ნორმები არცერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა” – მათიკაშვილი
“სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ნორმები არცერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა, საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიაზროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო.
„საკონსტიტუციო სასამართლო არის სასამართლო და ის იქცევა იმ წესების მიხედვით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ სისტემას აქვს. ეს არის კონსტიტუცია, ის წესები და კანონები, რომლებიც მის საქმიანობას არეგულირებს. სასამართლო ადეკვატურია და არ იღებს ისეთ სარჩელს, რომელიც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება მიღებას. ეს ნიშნავს, რომ ამ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და ფაქტები არ წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საინტერესო თემას, ესე იგი, არანაირი კონსტიტუციური ნორმები არცერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა. ეს სწორედ ამას ნიშნავს, რაც საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს,’’ – განაცხადა მათიკაშვილმა.