3 დეკემბრის ღამით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონი დაბომბეს. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დარტყმის შედეგად ნამსხვრევისგან დაიჭრა ადგილობრივი ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინის ქალაქების და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იყენებს, როგორც უპილოტო მფრინავ ობიექტებს, ისე საშუალო და შორი რადიუსის რაკეტებს, ავიაციას და არტილერიას.
ამასთან, რუსეთის არმიამ უპილოტო “შაჰედებით” კვლავ დაარტყა ქალაქ ტერნოპოლს. თვითმფრინავი ელექტროგამანაწილებელ ქსელს მოხვდა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ტერნოპოლის მერმა სერგეი ნადალმა ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მომარაგებისკენ მოუწოდა, რადგან ელექტროენერგიის არარსებობის გამო, წყალმომარაგების პრობლემებია მოსალოდნელი.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ისინი მიზანმიმართულ ხასიათს ატარებენ.