ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში ხდება, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატი, დავით კოდუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წინასწარ დატრენინგებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქეები, რომლებიც ამ მოვლენებისთვის თვეების განმავლობაში გადამზადებას გადიოდნენ, ებრძვიან საქართველოს.
“ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში ხდება, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლაა. წინასწარ დატრენინგებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქეები, რომლებიც ამ მოვლენებისთვის თვეების განმავლობაში გადამზადებას გადიოდნენ ებრძვიან საქართველოს, სამწუხაროდ, ამ პროცესებში მოხვდნენ გულწრფელი პატრიოტებიც ვისზეც მანიპულირებენ და ტყუილებით კვებავენ – მჯერა ყველა მიხვდება სიმართლეს.
ევროკავშირისკენ მრავალწლიანი სწრაფვა “ქართული ოცნების” პირობებში გახდა ხელშესახები, სწორედ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარ ორიენტირად და ჩვენ შევიყვანთ ამ ქვეყანას 2030 წელს ევროკავშირში.
სწორედ ჩვენმა გუნდმა 2012 წლიდან დაისახა მთავარ პრიორიტეტად ადამიანი, მისი უფლებების დაცვა. თუ მანამდე მოქალაქეებს ნებისმიერი მიზნის მისაღწევად წირავდნენ ჩვენ მოქალაქეები და მათი ინტერესები გავხადეთ უპირველესი და ეს ყველა მიმართულებაში ჩანს.
არაქართული ძალების მიერ უტრირებულია, რომ თითქოს ჩვენ უარს ვამბობთ ევროინტეგრაციაზე, რაც თავშივე მცდარია. 2028 წლამდე ჩვენ არ ვწყვეტთ ურთიერთობას ევროპულ ოჯახთან, პირიქით ამ პერიოდში მოვახდენთ ევროკავშირიდან აღებული ვალდებულებების შესრულებას, ჩვენ მინიმუმ ვალდებულებების 90 პროცენტი ამ დროისთვის შესრულებული გვექნება და როგორც ახლა, მაშინაც ბევრი კანდიდატი ქვეყნის წინ ვიქნებით ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. ჩვენ ვერ გავხდით ეროვნულ ინტერესებს ვაჭრობის ობიექტად, გვეუბნებიან, რომ უარი ვთქვათ ლგბტ პროპაგანდისგან ბავშვების დაცვაზე, გამჭვირვალობის კანონზე, გამოვუშვათ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილი.
ჩვენ ახლაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ მოლაპარაკებების გახსნას, დღესაც მზადაა საქართველო ამ ისტორიული ნაბიჯისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მეორე მხრიდან ჯერ სიჩუმეა!
მივმართავ ახალგაზრდებს და აქციის გადამზადებულ აქტივისტებსაც ნუ ცდილობთ ქვეყნის დესტაბილიზაციას, გამოხატეთ თქვენი პროტესტი კანონის შესაბამისად – თქვენ ფაქტიურად ომი გამოუცხადეთ სამართალდამცავებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ნუ გახდებით იარაღი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ლიდერების. დაიცავით უპირველესად თქვენი ეროვნული ინტერესები. სადაც თქვენ დადიხართ, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებული აქცია, იმ ნაცების, რომლებიც ახალგაზრდებს ვერ იტანდნენ და დევნიდნენ განსხვავებული აზრის გამო, ხოლო დღეს ახალგაზრდებს იყენებენ საშუალებად, რათა თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზანი იქნეს მიღწეული.
მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ბულინგის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, მოლოტოვის კოქტეილების, პიროტექნიკის, ქვების, მსხვრევადი ნივთების სროლის მიუხედავად იცავენ ქართულ სახელმწიფოს.
“ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ეს დასტურდება ფაქტობრივი გარემოებებით, ეუთო ოდირის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით და ამავე ორგანიზაციის წინასწარი დასკვნით”, – წერს დავით კოდუა Facebook-ზე.