მაკა ბოჭორიშვილი – ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე: რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები; ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

“რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმაც მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, პასკალ ალიზარდის წერილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია იყო, რომელიც რეალურად აკვირდებოდა არჩევნების ჩატარების დღეს არჩევნების მიმდინარეობას და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი იყო ამ მისიის მონაწილე, ვინც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. შესაბამისად, მათი დაკვირვება არის ის საფუძველი, რომელიც უკვე აისახება ეუთო/ოდირის დასკვნაში.

სწორედ ამას შეეხება ბატონი პასკალ ალიზარდის წერილი, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მომავალში. ის ხაზს უსვამს იმ ძლიერ მხარეებს, რაც იყო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის დამახასიათებელი, ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობდა არჩევნების მიმდინარეობის პროცესში.

ამ წინასწარი შეფასებების საფუძველზე მომზადდება უფრო ღრმა ანალიზი, რომელსაც ჩვენ წარმოგვიდგენს მოგვიანებით ეუთო/ოდირი და სწორედ ამაზეა საუბარი, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ შემდგომ უკვე საქართველოს ხელისუფლებამ – მთავრობამ, პარლამენტმა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ ის შენიშვნები, რაც იქნება ასახული ამ დასკვნებში და ძლიერი მხარეებიც, იყოს შემდგომი მუშაობისთვის გათვალისწინებული.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს ეუთოსთან, შესაბამის ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ თუ საჭირო იქნება შემდგომ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე თუ რეკომენდაციების შესრულების კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე, ეს ყველაფერი იყოს გათვალისწინებული.

რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. არის გარკვეული წუხილები გამოხატული ქალთა უფრო ნაკლებ წარმომადგენლობაზე, საარჩევნო პროცესში სხვადასხვა საკითხზე, თუმცა, ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები