“მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება – მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება” – განათლების მინისტრი
“მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება – მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი მხრიდან არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საგანმანათლებლო სივრცე, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ შევიდეს პოლიტიკა არც ოპონენტების მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაც, სკოლებისა და უნივერსიტეტების, რომ მათ უზრუნველყონ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესით და ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული მათთან დადებულ ხელშეკრულებებში ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლებიც და უნივერსიტეტებიც, ზუსტად იმიტომ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეს პროცესი შეუფერხებლად, იღებენ დაფინანსებას. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ამ პროცესის შეფერხება ამ ვალდებულების დარღვევაა, რაც არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, ისე როგორც ეს მათ მოეთხოვებათ”, – განაცხადა წულაძემ.