“მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს იმ უმძიმესი შეურაცხყოფისა და იმ სიძულვილის ენის გამო, რომელსაც ორი დღეა ვისმენთ და ვუყურებთ ტელეეთერებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი გაბუნიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, სამართალდამცავები სახელმწიფოებრიობას იცავენ.
„მინდა გამძლეობა ვუსურვო მათ და ვთქვა, რომ ისინი იცავენ არა მარტო პარლამენტის შენობას, არამედ იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის დამოუკიდებლობას. მინდა ასევე მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტების დაშავების გამო და არა მარტო ჟურნალისტების, თითოეული მოქალაქის, ისინი ჩვენი დები და ძმები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ჩვენ არავის დაშავება და დაზიანება არ გვიხარია“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.