ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა, თავის მომავალ სამთავრობო გუნდში, ორ უმნიშვნელოვანეს პოსტზე: სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციებზე, კანდიდატები შეარჩია,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, ფლორიდის შტატის სენატორი “რესპუბლიკელებიდან” და სენატში დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკო რუბიო არის წარდგენილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე, სავარაუდოდ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ფლორიდის შტატიდან, მაიკ ვოლცი იქნება.
როგორც მედია იუწყება, რუბიო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაიწყო უკრაინის შეიარაღების ზრდის მოტივით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკა, ის ითვლება NATO-ს ბლოკის მხარდამჭერად და რუსეთის საგარეო პოლიტიკის დიდ მოწინააღმდეგედ, თუმცა ბოლო თვეებში, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვის შემდეგ, რუბიომაც ძირითადი აქცენტები უკრაინაში ომის დასრულებაზე გადაიტანა.
აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი, ისრაელის უდიდესი მხარდამჭერია და თვლის, რომ ჰამასი უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდობა შეუძლებელია.
რაც შეეხება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მომავალ მრჩეველს, მაიკ ვოლცს, ის გახლავთ თადარიგის პოლკოვნიკი აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალებიდან და რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდის შტატიდან. რუბიოს მსგავსად, მაიკ ვოლციც ემხრობა აშშ-ის ხისტ საგარეო პოლიტიკას და აქვს მკაცრად ჩამოყალიბებული ხედვები რუსეთ-უკრაინის ომის, ახლო აღმოსავლეთის და ჩინეთის მიმართულებით.
როგორც უცხოური მედია წერს, შესაძლოა, საბოლოოდ ტრამპმა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა ამ დროისთვის, მნიშვნელოვან პოსტებზე ყველაზე რეალური კანდიდატები რუბიო და ვოლცი არიან.