დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერები დააკავეს – გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა (ვიდეო)
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
აფხაზური „ტელეგრამის“ არხები ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ იუწყებიან.
როგორც „ეხო კავკაზა“ „რესპუბლიკაზე“ დაყრდნობით წერს, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებისას დააკავეს და ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, სადაც დაკავებულების ახლობლები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები არიან შეკრებილი. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
„დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. არც ერთი სამართალდამცველი არ გამოდის ხალხის წინაშე და შესაბამისად, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში უშვებენ. სიტუაცია მწვავდება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას ითხოვენ“, – წერს გამოცემა.
ვრცელდება დაკავების კადრებიც. დაკავებაში ე.წ. უშიშროების 10-ზე მეტი თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას.
ვიდეო: JAMnews