კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი გაიხსნა
„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი გაიხსნა კონცერტით „ვენეციური ბაროკო“, რომელშიც იტალიელი ვირტუოზი ჩელისტი დავიდე ამადიო და „საქართველოს სინფონიეტა“ მონაწილეობდნენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფესტივალის გახსნას კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფესტივალი განსაკუთრებულ სეზონს გვთავაზობს – გაიმართება რვა კონცერტი, მასტერკლასები და სამი საჯარო ლექცია. კონცერტები ჩატარდება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.
„თბილისის ბაროკო ფესტივალში“ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ სხვა ქართველი შემსრულებლები და გუნდები, აგრეთვე, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება კონცერტები: „ვენეციური ბაროკო“, „ბაროკო ბავშვებისთვის“, „ფრანგული ბაროკო“ (სოლო საკლავესინო მუსიკა), „ბახის დინასტია“, „მეგობრები – ტელემანი და ფაში“, ანდრეას შოლის „ზეციური ხმა“.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი უმასპინძლებს ფესტივალის ტრადიციულ კონცერტს – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“. საიუბილეო სეზონს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაასრულებს ჟორდი სავალი „ბაროკო კონცერტებითა და ფოლიებით“.
ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის მერიის, ფრანგული ინსტიტუტის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით. ფესტივალი 1 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალზე დასასწრებად ბილეთების შეძენა შეიძლება ვებგვერდზე https://biletebi.ge/”,- ნათქვამია ინფორმაციაში.