ოკუპირებულ აფხაზეთში დენის გამორთვის გრაფიკი იწყება – ე.წ. ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას ბაღებისა და სკოლებისთვის გამონაკლისს სთხოვს

1 ნოემბრიდან, ოკუპირებული აფხაზეთის მასშტაბით 4-საათიანი დენის გამორთვის გრაფიკი ამოქმედდება. ე.წ. ბავშვთა უფლებათა კომისარმა, მაქტინა ჯინჯოლიამ მთავრობას მიმართა, საბავშვო ბაღებისა და სკოლებში გამონაკლისი დაუშვან.

როგორც უკვე ცნობილია, ყოველწლიურად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ენგურჰესის რეზერვუარში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგიით ამარაგებს, წყლის დონე იკლებს, რაც იწვევს ენერგიის დეფიციტს.

თავის მიმართვაში ე.წ. ბავშვთა უფლებების კომისარი (ბავშვთა ომბუდსმენი) მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, ყურადღება მიაქციონ ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებულ პოტენციურად მძიმე შედეგებს, მათ შორის, რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ენერგომომარაგება გადამწყვეტ როლს ასრულებს განათლების სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ფუნქციონირებაში და მასზეა დამოკიდებული სასწავლო პროცესის ორგანიზება, ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

„ცივ სეზონზე განათებისა და გათბობის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას, არღვევს მათ ყოველდღიურობას და მნიშვნელოვნად ართულებს სანიტარული ნორმების დაცვას. ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომფორტულ პირობებს, არამედ უზრუნველყოფს სათანადო კვებას, რომელიც უნდა იყოს თბილი და რეგულარული. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, განიხილონ საგანმანათლებლო დაწესებულებების გათიშვის გრაფიკიდან გათავისუფლება ან უზრუნველყონ ყველა საჭირო დებულება სასწავლო პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია ე.წ. ომბუდსმენის მიმართვაში.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტია, დე ფაქტო ხელისუფლება, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, რათა მათი რეპუტაცია 2025 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ შეილახოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები