ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარტინა კვიკთან.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე და ამ პროცესში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.
შვედეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილებაში ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევისათვის. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. ალექსი პეტრიაშვილმა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის მოლოდინებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში. შევედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია პრიორიტეტული თემებია შვედეთისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები