ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება მუქარის შემცველ გაფრთხილებას წარმოადგენს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მუქარის შემცველ გაფრთხილებას წარმოადგენს.
პეტრიაშვილის განცხადებით, როგორც სუვერენული ქვეყანა, საქართველო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი ცენტრი განთავსდეს და როგორი ფორმით იზრუნოს რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანაზე.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყველაფერია, გარდა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში დაინტერესებული სახელმწიფოს გამოხმაურებისა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს მუქარის შემცველ გაფრთხილებას იმ სახელმწიფოსი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, არაფრად აგდებს საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართლის ნორმებს და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ყოველმხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ექსტრემისტებისა და კრიმინალებისთვის ე.წ. “უსაფრთხო სამოთხის” შექმნას.
ცინიზმია და სხვა არაფერი, რომ მაშინ, როდესაც თავად ეს სახელმწიფო ახდენს 21-ე საუკუნეში სუვერენული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ღია აგრესიას მის წინააღმდეგ, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, შეწუხებით და მზრუნველობით საუბრობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე სამხრეთ კავკასიაში. ვადასტურებ რა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არ განიხილება სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი, მოვუწოდებ რუსულ მხარეს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტებისთვის ხელშეწყობა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარება და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე გადაწყვეტილება”, – წერს ალექსი პეტრიაშვილი ფესიბუქის საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, ქართული მხარის ყველა ქმედება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისკენ როგორც საქართველოში, ისე მთელს რეგიონში
“გარწმუნებთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს და დააჩქარებდა რუსეთთან სრულფასოვანი, კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, რისთვისაც მზაობა საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა”, – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის განთავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის გადაწყვეტილება, თუ მას მიიღებდნენ, სერიოზულ ზიანს მიაყენებდა უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. უწყების განცხადებით, გარდაუვალი იქნებოდა უარყოფითი შედეგები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში, რომელიც ამ დროსათვის წარმატებით მიმდინარეობს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვმა უკვე იცის პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფის შესახებ და ამ საკითხზე დაკვირვებას მომავალშიც გააგრძელებს.