ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბნიდან ადგილობრივი დამკვირვებლის გაძევებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ერთი ადგილობრივი ორგანიზაციიდან უბანზე ერთდროულად ორი დამკვირვებელი იმყოფებოდა, რაც კანონით აკრძალულია. მისი თქმით, ერთ-ერთ მათგანს დაატოვებინეს უბანი, რასაც ხმაური მოჰყვა.
„დამკვირვებელი არღვევდა წესს. რეგისტრატორს უთითებდა ID ბარათის ჩამოსმაზე. როცა ერთხელ მივეცით შენიშვნა, რომ ასე არ გააკეთო, ეს არის ელექტრონული არჩევნები, პირველად ტარდება და ახლა ID ბარათი შემობრუნებულია თუ გადმობრუნებულია, იმას რეგისტრატორი თვითონ მიხვდება, გაასწორებდა და გააგრძელებდა მუშაობას. ეს ბიჭი თავზე ზედამხედველივით დაადგა და უსწორებდა. დამკვირვებელი სხვაა და ზედამხედველი სხვა. ვუთხარი, მშვიდად გავაგრძელოთ მუშაობა და მაინც იმავეს აკეთებდნენ. ადგილობრივი დამკვირვებლის ბეიჯით იყო შემობრძანებული. რაც შეეხება ქალბატონს, მეორე დამკვირვებელი იყო გაძევებული ამავე ორგანიზაციიდან. ორი არ უნდა იყოს უბანზე. ორივე ერთდროულად იყო შემოსული. ფიზიკური დაპირისპირება გარეთ იყო. მე არ გავსულვარ, უბანი არ დამიტოვებია. ვინ იყო და რაზე იჩხუბეს მართლა არ ვიცი“, – განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.