ნოდარ ხადურმა თსუ-ში სემინარი გამართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უნივერსიტეტში სემინარი გამართა თემაზე „პოლიტიკური იდეოლოგიები და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველოში.“
ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა უნივერსიტეტის დოქტორანტებს და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო ბოლო ათწლეულების მიხედვით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“-ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მთავარი მიზანია, მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში, ეკონომიკური ზრდის შედეგად საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ჩემს კოლეგებთან, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ. ასეთი ფართო აუდიტორიისთვის ჩვენი მოსაზრებების გაცნობა იმითაც არის მნიშნელოვანი, რომ მათგან ბევრ საინტერესო შენიშვნას და მოსაზრებას ვისმენთ, რაც დაგვეხმარება ეკონომიკური პოლიტიკის სრულყოფის პროცესში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესება გაიზარდოს ასეთი შეხვედრების მიმართ. დღეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი და ფინანსთა მინისტრი წარსდგა საკმაოდ საინტერესო მოხსენებით. ვფიქრობთ, ასეთი სემინარები გამოაცოცხლებს ეკონომიკურ აზრს და გაიზრდება ყველა იმ მკვლევარის დაინტერესება, ვინც მუშაობს ეკონომიკაში და მასთან დაახლოებულ სფეროში,“ – აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ. ლექცია სწორედ თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის “პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან” ფარგლებში გაიმართა.