ჯემალ გამახარია – ოკუპირებული აფხაზეთის 6 ბანკი რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას აპროტესტებს
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის 6 ბანკი რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას აპროტესტებს. როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ე.წ. შეთანხმება აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს.
“ე.წ. შეთანხმება, ძირითადად მოიცავს აფხაზური მხარის მთელ რიგ ვალდებულებებს ინვესტორების წინაშე. მას ჰქვია “აფხაზეთს და რუსეთს შორის შეთანხმება რუსული იურიდიული პირებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების შესახებ”. ე.წ. შეთანხმება აფხაზეთის ე.წ. მთავრობასთან ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის იყო შეთანხმებული. აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობის მიხედვით, სანამ ე.წ. მთავრობა უცხო ქვეყანასთან შეთანხმებას ხელს მოაწერს , მანამდე მან ექსპერტიზა დე ფაქტო პარლამენტში უნდა გაიაროს. ახლა ეს პროცესია. ეს დოკუმენტი დე ფაქტო პარლამენტში იხილება. ამ მორჩილი პარლამენტის უმრავლესობაც კი არ თანხმდება იმაზე, რომ ეს ხელმოწერილი იყოს. დოკუმენტი ხელმოწერის შემდეგ ე.წ. პარლამენტში რატიფიკაციისთვის შევა . ბოლო პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურებულია. ეს ყველაფერი აპარტამენტების შესახებ ე.წ. კანონპროექტის კონტექსტში იხილება. დოკუმენტში აღწერილია, ის, თუ რა ვალდებულებები ეკისრება აფხაზურ მხარეს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი აფხაზეთის ეკონომიკაში 2 მილიარდ რუბლს და მეტს დებს. ინფრასტრუქტურა მან უნდა უზრუნველყოს, ელექტროენერგია, წყალი მან უნდა მოაწოდოს. ბევრი სხვა ვალდებულებაა. თუ რუსი ინვესტორს, თუ ის რაღაცას არ გააკეთებს, ან ვერ გააკეთებს , შეუძლია, ეს აფხაზურ მხარეს გადააბრალოს. ანუ, რომ აფხაზურმა მხარემ რაღაც ვერ გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო და ამიტომ ვალდებულება ვერ შესრულდა, ამ შემთხვევაში აფხაზეთი ვალდებულია, მას ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა გადაუხადოს. რუსეთმა წინასწარ იზრუნა, რომ აფხაზეთის სასამართლოში კი არ იყოს საკითხი განხილული, არამედ რუსეთის სასამართლოში. ყველაფერი მოგვარებული აქვს, რომ როგორც მოისურვებს, ყველაფერი ისე აკეთოს, თავის მიზანს მიაღწიოს.
ყველაზე დიდი კამათი, რაზეც დიდი ხმაურია ატეხილი, არის ის, თუ როგორ უნდა მოხდეს უზარმაზარი პროექტის [აპარტამენტების] დაფინანსება. წარმოიდგინეთ, მარტო ის 10 000 აპარტამენტი რომ აშენდეს, რუსეთმა აფხაზეთში რამდენი რუბლი უნდა შემოიტანოს. აქ 2 მილიარდ რუბლზე კი არ არის საუბარი, არამედ ათეულობით და ასეულობით მილიარდ რუბლზე. ეს უნდა შემოიტანოს რუსეთმა. აფხაზები ბრიყვები არ არიან. მილიარდები შემოდის. ეს ყველაფერი აფხაზეთის ბანკების გვერდის ავლით შემოდის. რუსული ბანკი აფხაზეთში თავის ფილიალებს ქმნის და მთელი ანგარიშსწორება, ფინანსური ოპერაციები რაც დაკავშირებულია ამ უზარმაზარ მშენებლობასთან, აფხაზეთის გვერდის ავლით ხორციელდება. აფხაზეთის ბიუჯეტში არავითარი გადასახადი არ შედის. აფხაზეთის ბანკებს ამ უზარმაზარი თანხის შემოსვლასთან და მის ხარჯვასთან არანაირ კავშირი არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით ბანკების პროტესტი: 6 ბანკი ამ დოკუმენტს აპროტესტებს. ამ დოკუმენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტშია გაწერილი ყველაფერი, როგორ ხდება დაფინანსება. ისინი ითხოვენ ელემენტარულს – რომ ფინანსური ოპერაცია აფხაზური ბანკების მეშვეობით ხორციელდებოდეს. ბანკებისთვის ძალიან დიდი შემოსავალია, როდესაც ათეულ და ასობით მილიარდ რუბლზეა საუბარი” – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნულის შედეგად, აფხაზეთის ბანკები აუცილებლად გაკოტრდებიან, აფხაზეთი ამ მილიარდიანი ინვესტიციებიდან ვერაფერს მიიღებს.
“აქ ფილიალზეა საუბარი, ესეც მნიშვნელოვანია – ბანკი რომ შემოვიდეს, ადგილზე გადასახადი უნდა იხადოს. ფილიალი როდესაც შემოდის, რუსული კანონმდებლობის საფუძველზე ფუნქციონირებს და არა ადგილობრივი კანონმდებლობის. შესაბამისად, გადასახადს უხდის თავის სათავო ორგანიზაციას და არა აფხაზეთის ბიუჯეტს. გაქვთ წარმოდგენილი , რაზეა საუბარი, რატომ ხდება ამის გაპროტესტება. არა მარტო მშენებლობის პროცესში, არამედ მშენებლობის დამთავრების მერეც 8 წლის განმავლობაში ისინი არანაირ გადასახადს აფხაზეთში არ იხდიან. 8 წლის შემდეგ ვის გადაუხდიან, ეს აქ არ წერია. სავსებით დასაბუთებულად ვარაუდობენ, რომ ეს გადასახადი 8 წლის შემდეგაც რუსეთში წავა. რუსული მხარე ამბობს, თუ ასე არ გავაკეთებთ, არ მაქვს გარანტია, რომ ჩემი ინვესტიციები აფხაზეთში დაცული იქნება. აფხაზები ეუბნებიან, გვაქვს ადრე მიღებული კანონი “უცხოური ინვესტიციების დაცვის” შესახებ; რუსები კი ეუბნებიან: კი ბატონო, კანონი გაქვთ, მაგრამ რაც აქამდე ინვესტიციები შემოგვიტანია, დაცული არაა, უამრავი შემთხვევაა ბიზნესმენების გაძარცვის, ბიზნესის წართმევის და ა.შ. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი ბანკების ფილიალების მეშვეობით უნდა განვახორციელოთ ეს ოპერაციებიო. აფხაზური მხარე ამბობს, რომ ამით ეს ბანკები აუცილებლად გაკოტრდება. ასევე რადგანაც საქმე ძირითადად ტურისტულ ბიზნესს ეხება, იქ დასაქმებული აფხაზებიც გაკოტრდებიან. აფხაზეთი ვერაფერს მიიღებს ამ მილიარდიანი ინვესტიციებიდან. შეგახსენებთ, ამ ე.წ. შეთანხმების მიხედვით, მუშახელი რუსებს ჩამოჰყავთ. ამბობენ, რომ აფხაზეთში კვალიფიციური მუშახელი არაა. ე.ი. ასი ათასი ქონებას შეიძენს, რამდენი ათასი მუშა უნდა შემოიყვანონ და აფხაზეთში აფხაზების ადგილი არ რჩება. ეს არის იმ ყველაფრის მიზეზი, თუ რატომაა ასეთი ხმაური ატეხილი აფხაზეთში. მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს არის კაბალური, დამამცირებელი, შეთანხმება. კოლონიალური სახის შეთანხმება, რომელიც დამღუპველია და ამიტომ ამაზე უარს ამბობენ.
საზოგადოებაში ბანკების მხარდამჭერები პოლიტიკაში გადადიან, ერთ-ერთი ბრალდება გახლავთ ის, რომ ეს დოკუმენტი , ე.წ. შეთანხმება მომდინარეობს არ იმდენად რუსეთის მთავრობიდან. კი, რუსეთის მთავრობამ უნდა მოაწეროს ხელი, მაგრამ ეს არის რუსი ოლიგარქების მიერ ლობირებული ე.წ. შეთანხმება. ამ რუს ოლიგარქებთან ალიანსში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იმყოფება. ამას ოპონენტები ამტკიცებენ“,- განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე