„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“: მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი ,თავისუფლება“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ გმობს ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს და „ასავალ-დასავალის“ რედაქციას თანადგომას უცხადებს.
მათივე თქმით, მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია.
„ ჩვენ შესაძლებელია, არ მოგვწონდეს ამა თუ იმ მედიაში გასული ინფორმაცია, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვის ის ფორმა, რომელსაც ჟურნალისტის ფიზიკური ანგარიშსწორება ჰქვია, ყოვლად მიუღებელია. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ქართული საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. იმის გათვალისწინებით, რომ კვლევა, რომელშიც გამოხატვის თავისუფლების დონეა შეფასებული, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა, მომხდარი ფაქტი განსაკუთრებელ ყურადღებას იმსახურებს. ორგანიზაცია თანადგომას უცხადებს „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, გმობს მომხდარ ფაქტს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. მივმართავთ სამოქალაქო სექტორს, დაგმოს აღნიშნული ფაქტი და დავდგეთ მედიის თავისუფლების სადარაჯოზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები