„გაოგნებული ვარ, რომ ჟურნალისტებმა ზაზა დავითაიას მიმართ არავითარი სოლიდარობა არ გამოამჟღავნეთ“
გაოგნებული ვარ, რომ ზაზა დავითაიას მიმართ ჟურნალისტებმა არავითარი სოლიდარობა არ გამოავლინეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა, სადაც იგი პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
„მე მოვისმინე, რომ თითქოს სასამართლო ჯერ კიდევ პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამდენ საქმეზე არის გამამართლებელი განაჩენი დამდგარი?! ბოლო ფაქტს გეტყვით, სხვათა შორის – რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩაღა ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არც ერთმა ტელევიზიამ. ეს პიროვნება, მე არ ვიცი, ვინ არის, რომელიც ბრალდებული იყო ორი ადამიანის დაყაჩაღებაში, სასამართლომ გამოუშვა და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო არის თავისუფალი და თვითონ ბატონი კუბლაშვილის ნათქვამის ციტირებას მოვახდენ, რომ დღეს სასამართლო ისეთივე თავისუფალია, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს ზაზა დავითაიას „თავისუფალი ზონის“ წევრები თავს დაესხნენ და სცემეს. შემთხვევა საბურთალოზე, იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთასთან, „საქართველოს ბანკის“ შენობის წინ მოხდა.