ირაკლი ღარიბაშვილი რეზოლუციის ტექსტის შეცვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი PACE-ს რეზოლუციის ტექსტის შეცვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჟურნალისტებმა მისი განცხადება დამახინჯებულად გააშუქეს, რაც შესაძლოა, მისივე არასწორი განმარტების ბრალი იყო.
“მინდა გითხრათ, რომ ჩემი კომენტარი დამახინჯებულად გაუშვით. შეიძლება არასწორად გაიგეთ და შეიძლება, ჩემი ბრალიც არის, რომ ბოლომდე ვერ განვმარტე და სრულყოფილად არ გითხარით, რაც ვიგულისხმე. მე ვიგულისხმე ის, რომ პირველი “დრაფტი”, პირველი პროექტი ამ რეზოლუციის შეიცვალა და ჩაწერეს ახალაიაზე და სააკაშვილის თაობაზე მუხლი. ეს არის მოკლე შეფასება და სილევიჩის განცხადებით, ეს არ იყო მათი – მომხსენებლების და მონიტორინგის კომიტეტის პოზიცია. მათი მცდელობა იყო, რომ ეს რეზოლუცია გამოთხოვილიყო, მაგრამ ვინაიდან “ევროპის სახალხო პარტიას” აქვს უმრავლესობა, ეს ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული რეზოლუციის ის ტექსტი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევანაზეა საუბარი, შეიცვალა.
“ჩემი ინფორმაციით, ეს რეზოლუცია შეიცვალა. იცით, რომ ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა იქ არის წარმოდგენილი. მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც არსებობს, მაგრამ ასევე ძალიან აქტიურობენ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მთავარი დასაყრდენი პოლიტიკური ძალა – “ევროპის სახალხო პარტია”, თუმცა იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრობის” ჭორებს და უცნაურ ბრალდებებს არ გაითვალისწინებენ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში არის სხვა რეალობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მმართველი ძალა ამ რეალობის წარმოჩენას შეძლებს”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს.