პაატა დავითაია: ის, რაც დღეს რეზოლუციაში მოხვდა, ქვეყნისთვის საფრთხის მომცველია
„ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, რადგან ეს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„რეალურად ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, დაგვანახონ, თითქოსდა, ეს არის რეკომენდაციის ხასიათის მატარებელი და ეს დასკვნა მიიღო მხოლოდ მმართველმა პარტიამ, საუბარი მაქვს ევროპის მმართველ პარტიაზე – EPP-ზე. სინამდვილეში ეს ასე არ არის, შეგიძლიათ გადახედოთ კენჭისყრის შედეგებს, სადაც ნახავთ, რომ კენჭისყრის დროს ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა არა მარტო სახალხო, არამედ ევროპულ – დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალისტთა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიამ. ფაქტობრივად, ცალსახად ჩანს ის, რომ ეს არის ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაზე სახიფათო ტენდენციები არის ის, თუ ვინ მისცა წინააღმდეგი ხმა“, – განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, “ქართული დელეგაცია აღმოჩნდა იმ პირების გვერდით, ვინც თავის დროზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა და ეს საფრთხის შემცველია“.
„მე ვიყავი მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და კარგად ვიცი, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, თუ როგორ ხდებოდა წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს მიმართ. ეს ეხება 2008 წლის მოვლენებს, აქედან გამომდინარე, დღეს ეს ხალხი ქართულ დელეგაციასთან ერთად დადგა ერთ პოზიციაზე. ეს ხალხი უმცირესობაში აღმოჩნდა“, – აღნიშნა დავითაიამ.
ამასთან, მისივე თქმით, პრობლემა კიდევ მდგომარეობს იმაშიც, როცა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ რეზოლუციას აქვს რეკომენდაციის ხასიათი.
„სწორია, მას არ გააჩნია ჯარი ან აღსრულების პოლიცია, რომ დაიწყოს აღსრულება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს რეკომენდაციის ძალა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომელსაც “რეკომენდაციის” ძალა აქვს, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება შეუჩერა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მოვლენები არასწორად ვითარდება. თუ ჩვენ არ შევასრულეთ ეს რეკომენდაციები, ისეთი ქვეყნის გვერდით აღმოვჩნდებით, როგორიც რუსეთია”, – განაცხადა დავითაიამ.
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები გაითვალისწინოს.
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ის რეზოლუციები, რაც მიღებული იქნა ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ, იმიტომ, რომ ეს რეზოლუცია საქართველოს მთავრობას დახვდება წინ თუ არ გაითვალისიწინა ევროკავშირთან და ნატოს-თან ურთიერთობაში. რაოდენ პოლიტიკური დაძაბულობაც არ უნდა იყოს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, ჩვენ არ უნდა ვავნოთ ქვეყანას. ის, რაც დღეს რეზოლუციაში მოხვდა, საფრთხის მომცველია ქვეყნისთვის”, – განაცხადა დავითაიამ.