თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც მოსამართლემ გაიზიარა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თავის მხრივ, დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია, რადგან საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, თანხის გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება დღეს წარუდგინა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები