“ზურაბიშვილს აქვს კარტ-ბლანში მიცემული, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც” – ქადაგიშვილი
“სალომე ზურაბიშვილს აქვს კარტ-ბლანში მიცემული, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“ზოგადად ის, რომ კონსტიტუციის უხეშად დამრღვევ პრეზიდენტს უცხოეთში ეპატიჟებიან და იღებენ, უკვე ნიშნავს, რომ მას ეს ერთგვარი ინდულგენცია უკვე მიღებული აქვს. როდესაც საქართველოში კანონის აღსრულებაზე აქვთ ხოლმე პროტესტი (ზოგიერთს, დასავლეთიდან), ამ შემთხვევაში, კანონისა და კონსტიტუციის უხეშად დამრღვევს, რატომღაც, იღებენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე, რაც დამღუპველია დემოკრატიისათვის”, – აცხადებს ქადაგიშვილი.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომელიც ბერლინში მოეწყო, წინასაარჩევნო აგიტაცია იყო.