ეკა ბესელია ევროსაბჭოში: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ოპოზიციის ლიდერის ძმა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა. როგორც გამოსვლისას ბესელიამ აღნიშნა, არავის ააქვს უფლება, კანონზე მაღლა ვინმე დააყენოს.
“საქართველოს ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვა. სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენისგან. ახალმა მთავრობამ დაიწყო გამოძიება იმ საქმეების, სადაც იყო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და არაადამიანური მოპყრობა, წამება. ჩვენ არ გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე – სააკაშვილი ან ახალაია. ყველა თანასწორია. საქართველოში არ არის პოლიტიკური დევნა, ეს ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს. გამოცხადდა ამნისტია და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. სასამართლო მოსმენები გახდა ღია და გამჭირვალე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ოპოზიციის ლიდერის ძმა”, – განაცხადა ბესელიამ სტრასბურგში, სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ახალაიას მიმართ სასამართლო ვადა არ დარღვეულა. მას მიესაჯა დამატებით, მაგრამ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში შეიწყალა, როგორც მისი თანაგუნდელი. თუმცა, როგორც ბესელიამ განმარტა, გაიხსნა კიდევ რამდენიმე დანაშაული და ახალაიას წარედგინა ახალი ბრალი გირგვლიანის საქმეზე.
“იყო თეთრაძის მკვლელობა, 4 უდანაშაულო ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უმძიმესი ბრალდებებია. სასამართლო განხილვა დაიწყო უკვე რამდენიმე საქმეზე და როგორ შეიძლება, ამ დროს ასამბლეამ მათი გვარები ჩაწეროს რეზოლუციაში?! ეს პირდაპირ აღქმული იქნება, როგორც ზეწოლა სასამართლოზე. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს და ადამიანის უფლებების დაცვას. მოგიწოდებთ, კონკრეტული გვარები იყოს ამოღებული რეზოლუციიდან და ერთიანი პრინციპი გამოიყენოთ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომ არავინ იყოს კანონზე მაღლა. ერთიან პრინციპებს ვცეთ პატივი, რადგან ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უნდა იცავდეს თითოეული ადამიანის უფლებას და არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისას”, – განაცხადა ბესელიამ.