თბილისის მერიამ აგვისტო-სექტემბერში 76 ტენდერი გამოაცხადა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურმა, 4 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 76 ტენდერი გამოაცხადა, საერთო თანხით – 14 920 961.00 ლარი.
მერიის შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გამოცხადებული აქვს 36 ტენდერი, თანხით – 11 908 400,00 ლარი; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს – 17 ტენდერი, თანხით 2 631 496.00 ლარი; ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს – 4 ტენდერი, თანხით 21 245,00 ლარი; მერიის ადმინისტრაციას – 19 ტენდერი, თანხით 359 820.00 ლარი.
ხელშეკრულების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრის და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში ხელშეკრულების პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კერძოდ: დაინერგა და განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის პირობები, დაინერგა სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომელიც ეტაპებად დაიყო და ყოველი ეტაპის შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა საჯარიმო სანქციები, ხელშეკრულებებში აისახა საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიისოდენობა 2%-დან 5%-მდე გაიზარდა.
წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენების შემთხვევაში, წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავების წესი განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანების შესაბამისად. ცვლილება აისახა სატენდერო დოკუმენტაციაში, რითაც, პრეტენდენტებისთვის ავანსის ზემოთაღნიშნული მეთოდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია კონტრაქტის გაფორმებამდე გახდა ცნობილი. წინა პერიოდში მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი ხდებოდა უშუალოდ მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენისას, მას შემდეგ, რაც სამუშაოების გასაგრძელებლად ჩაერიცხებოდათ გათვალისწინებულზე ნაკლები თანხა.
სატენდერო პირობებში დაინერგა სხვა სიახლეებიც, რომელთა ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (Procurement.gov.ge) ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციებში.