დავით ნარმანია ბერლინის მერს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბერლინის მერს, კლაუს ვოვერაიტს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა კლაუს ვოვერაიტის დამსახურებას ბერლინის განვითარებაში და თბილისში მუნიციპალური მენეჯმენტის ბერლინური გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტების დანერგვა ქალაქდაგეგმარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მუნიციპალური ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა თუ ენერგოეფექტიანობის კუთხით.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ახალ სტანდარტებზე იწყებს მუშაობას, რაშიც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მერები, შეთანხმდნენ, რომ ყველა ძირითად მიმართულებაზე, რომელიც მუნიციპალური მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას ითვალისწინებს, გერმანული მხარე თბილისს დახმარებას გაუწევს.
გერმანული გამოცდილების გაზიარება მოხდება, ასევე, ქალაქდაგეგმარების საკითხშიც.
თბილისის მერი დეტალურად გაეცნო გერმანული პროექტის – მომავლის ქალაქის კონცეფციას, რომლის ძირითადი ასპექტებიც თბილისის სამომავლო განვითარებისთვის, შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს.
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ორ ქალაქს შორის თანამშრომლობას კულტურის სფეროში. განსაკუთრებული აქცენტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე და ამ მხრივ გერმანული გამოცდილების გაზიარებაზე გაკეთდა.
თბილისის მერი გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისში ბერლინის სახელობის ქუჩა ან სკვერი გაიხსნას, ხოლო ბერლინის მერმა აიღო ვალდებულება, რომ დაიწყება მუშაობა ბერლინის ერთ-ერთი მოედნისთვის თბილისის სახელის მინიჭებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები