კახა კალაძე: ამაყი ვარ, რომ თითოეული მოქალაქე დაზღვეული და დაცულია
მე დღეს ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეული და დაცულია, – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიანი პერიოდის შეფასებისას განაცხადა.
ვიცე – პრემიერის თქმით, მთავრობამ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, თუმცა იყო სირთულეებიც.
“მე დღეს ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და დაცული. ღმერთმა ნურასდროს, ნურავის დააჭირვოს ექიმი და საავადმყოფო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს მომსახურება მათთვის უფასოა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, საარჩევნო კამპანიის დროს, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან და გული მწყდებოდა, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონებს, ქართველ დედებს ვხვდებოდი თვალცრემლიანს, ამის მიზეზი ელემენტარული იყო, რომ მათ არ ჰქონდათ შეასაძლებლობა, შვილებისთვის, რომელებიც სექტემბერში სკოლაში უნდა წასულიყვნენ, სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი პატარები, რომლებიც სკოლაში მივიდნენ, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დახვდებათ. ამდენი მიწა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დამუშავდა, არასდროს საქართველოში არ დამუშავებულა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლეხი, სოფელი გავაძლიეროთ და ჩვენ დავეხმარებით მანამ, სანამ გლეხი ფეხზე არ დადგება და სოფელი არ გაძლიერდება. ამასთან ერთად, ეკონომიკის სამინსიტრომ წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ,,აწარმოე საქართველოში” განხორციელება, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მათ ბიზნესი წამოიწყონ და იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი პროდუქციით ჩავანაცვლოთ”, – განაცხადა კახი კალაძემ.
მინისტრმა ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ცვილილებებზეც ისაუბრა.
“21%-ით შემცირდა ელექტროენერგიაზე ტარიფი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ათასი მილიონი ლარი დაზოგა. მოვახერხეთ ის, რომ 5 %-ით შევამცირეთ ფასი ბუნებრივ აირზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ ჩვენ პენსია 150 ლარამდე გავზარდეთ, დახმარებები ფაქტობრივად გაორმაგდა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მოგვარდება, მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ჩვენ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს”, – განაცხადა ვიცე – პრემიერმა კახი კალაძემ გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დათვალიერებისას.