სერგეენკო: ორი წლის წინ მოსახლეობის ნახევარი უბრალოდ ვერ მიდიოდა ექიმთან
ჩვენ ამ პერიოდში შევძელით მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ორი წლის წინ მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ მოსახლეობის ნახევარი უბრალოდ ვერ მიდიოდა ექიმთან, დღეს ეს გამოწვევა დაძლეულია, რაც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების გზით მოახერხა.
“ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა ორი წლის წინ ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ვერ სარგებლობდა ჯანდაცვით. მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ ვერ მიდიოდა ექიმთან უფულობის გამო, და თუკი უკიდურეს შემთხვევაში ამას გადაწყვეტდა, მას კატასტროფული დანახარჯების გაღება და დიდი ვალების აღება სჭირდებოდა. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე მთავარი გამოწვევა და 2 წლისთავზე ეს დაძლეულია. ეს საყოველთაო ჯანდაცვის გზით განხორციელდა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მიმაჩნია, რომ სჯობს, საზოგადოებამ იმსჯელოს, რამდენად წარმატებული იყო ამა თუ იმ მიმართულების მართვა, თუმცა შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა და სოციალური დახმარებები გაორმაგდა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში შევძელით მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მე ვფიქრობ, ეს მიმართულებები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.