ნუგზარ წიკლაურმა “ქართული ოცნების” ორწლიანი მმართველობა შეაფასა
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელი შეაფასა. წიკლაურის თქმით, საქართველო იზოლაციაში ექცევა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელ ჭაობს უბრუნდება.
მისივე შეფასებით, ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გაღარიბებული მოსახლეობა ჰყავს.
“დღეს შესრულდა დღე, როცა “ქართულმა ოცნებამ” ტყუილებით, ტყუილი დაპირებებით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შეცდომაში შეყვანა მოახერხა და წარმატება არჩევნებზე ასე მოიპოვა. ორი წლის თავზე სახეზე გვაქვს ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვის მოდელი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას იწვევს, რომელიც პოლიტიკური ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენს. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ქვეყანაში არავინ არაფერს გეკითხებათ, ისევე როგორც არავინ არაფერს ეკითხება ირაკლი ღარიბაშვილს და ცალკეულ მინისტრებს. ადამიანი არის კონსტიტუციურ ფარგლებს მიღმა და მარიონეტებით მართავს მთელს მთავრობას, პარლამენტს და ქვეყანას. ასევე მისი სურვილია, მართოს პრეზიდენტი და ის პროვინციული და ბანალური ინტრიგანობა, რომელიც უკვე თვენახევარია გრძელდება – ვინ წავა ამა თუ იმ ფორუმზე, ამის საუკეთესო დასტურია”, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ნუგზარ წიკლაურმა.