ალექსი პეტრიაშვილი: მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს

მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს იმისათვის, რომ დილით, ნაცვლად ნეგატივისა, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შეფასებისას განაცხადა.
“ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის სფეროში. არის პოზიტიური ძვრები ბოლო პერიოდში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იყო გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორებიც. გასულ წელს, მაგალითად, ვერ მივაღწიეთ ყველა იმ დაგეგმილ შედეგებს. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელზეც ახლა არ შევჩერდები. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ჩვენი საქმიანობის წარმოჩენის გზით და ამ მიმართულებით მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს იმისათვის, რომ დილით, ნაცვლად ნეგატივისა, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სიამაყით შეუძლია განაცხადოს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს, მისი თქმით, რეალური მიღწევაა ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გადის.
“ეს კარგია, მაგრამ მე არ ვიძახი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ის, რომ დღესაც, უახლოესი გასული თვეების განმავლობაშიც, ხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე “ბერლინის კედლების” მშენებლობა და ჩვენი მოქალაქეების მეკობრეების სტილში გატაცება, ეს არის ყოვლად მიუღებელი, მაგრამ ეს არის რეალურად ჩვენი ხელისუფლების გამოცდა, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და ესკალაციისთვის ნიადაგი არ შევქმნათ”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები