საქართველო ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის იუსტიციისა და შს მინისტრებთან ერთად ვაშინგტონში ხელი მოაწერა „მინისტრთა დეკლარაციას“, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულთან ბრძოლას ეძღვნება- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის გენერალური პროკურორის − ერიკ ჰოლდერისა, და ევროკომისარ სესილია მალმსტრომის მიერ ორგანიზებული მეორე მინისტერიალი „გლობალური ალიანსი ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ 2014“ ვაშინგტონში გაიმართა. გლობალურ ალიანსში, რომელსაც ერიკ ჰოლდერმა და სესილია მალმსტრომმა ჩაუყარეს საფუძველი, დღეს უკვე 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. მათი მიზანია, ერთად ებრძოლონ სულ უფრო მზარდ დანაშაულებრივ ქსელს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალით ვაჭრობს ინტერნეტზე, და რომლის უკანაც, ხშირ შემთხვევაში, პედოფილთა ორგანიზებული ჯგუფები დგანან. თავის მიმართვაში ერიკ ჰოლდერმა ამ დანაშაულთან ბრძოლისას ქვეყნებს შორის კოორდინაციისა და, ასევე, პრევენციისთვის ბავშვების განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა; სესილია მალმსტრომმა კი აღნიშნა, რომ გლობალური ალიანსის მიზანი წევრი ქვეყნების მიერ ეფექტური კანონმდებლობის შექმნა და ახალი დროის ამ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებაა. თეა წულუკიანის განცხადებით, მინისტერიალზე 50 ქვეყნის წარმომადგენლები იმ საკითხზე მსჯელობენ, თუ რა გზით უნდა ებრძოლონ ბავშვთა სექსუალურ ძალადობას ინტერნეტის გამოყენებით. მისი თქმით, ამ ორგანიზებულ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გახსნეს ბერძენ, ამერიკელ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად. მინისტრმა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იუსტიციის სამინისტროს როლზეც ისაუბრა. „როდესაც საქართველოს თავს შეაფარებს დამნაშავე, რომელიც ბავშვის სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რა თქმა უნდა, ხდება მისი დაკავება და იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ექსტრადიციის კუთხით, ხდება მისი ექსტრადიცია დანაშაულის ჩადენის ქვეყანაში… მინისტერიალზე მიღებული იქნება დეკლარაცია, რომელშიც გაიწერება კონკრეტული პირობები მომავალი თანამშრომლობის, თუ როგორ შევინარჩუნოთ ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ის ეფექტიანობა, რაც გვაქვს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამარტო დამნაშავის დასჯას, არამედ მსხვერპლი ბავშვის უფლებების დაცვას, „რისკენაც საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რადგან დანაშაულის შედეგად დაზარალებული ჯერ კიდევ არ არის რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანილი“. გლობალური ალიანსი ოთხი ძირითადი პრინციპის გარშემო ერთიანდება. პირველ რიგში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიკაცია, მათი გამოხსნა დამნაშავის ხელიდან და რეაბილიტაცია; დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და ადეკვატური სასჯელის შერჩევა; ცნობიერების ამაღლება ბავშვების მიერ ინტერნეტის შეუზღუდავად გამოყენების რისკების შესახებ; ინტერნეტში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების მოთავსებისა და გადაცემისთვის ბარიერების შექმნა და ბავშვთა რევიქტიმიზაციის თავიდან აცილება. კონფერენცია „გლობალური ალიანსი“ ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ წელს მეორედ გაიმართა. კონფერენცია როტაციის პრინციპით ტარდება და მას ალიანსის წევრი ქვეყნები რიგრიგობით უმასპინძლებენ. ორი წლის წინ პირველი მინისტერიალი ბრიუსელში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები