„პუშკინზე ესტაკადის მშენებლობით მოედანი 5000-10000 მანქანით განიტვირთება“
“პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება“, – ამის შესახებ განცხადება საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა სამუშიამ გააკეთა. მისი თქმით, სრულიად შესაძლებელია პუშკინის ქუჩაზე ისტორიული მემკვიდრეობის დაცვაც მოხდეს და პარალელურად თანამედროვე კონსტრუქციაც აიგოს. სამუშიამ ჟურნალისტებს დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებაც გააცნო. მისი განმარტებით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პუშკინის ქუჩის პროექტირებისათვის 140 000 ლარი გამოიყო.
„იმისთვის, რომ პუშკინის ქუჩა გაგანიერდეს, ისეთი პროექტი უნდა შედგეს, რომ არც ისტორიული მემკვიდრეობა დაზარალდეს და, მეორე მხრივ, საკმოდ პრობლემური თავისუფლების მოედანი განიტვირთოს. ფაქტია, რომ პუშკინის მოედნის ამ სახით დატოვება საკმაოდ ართულებს საქმეს. სპეციალისტების მიერ დაანგარიშებულია ნაკადების რაოდენობა და ის, თუ რამდენი მანქანით შეიძლება განიტვირთოს. გარანტიას გაძლევთ, რომ დღის განმავლობაში პუშკინის ქუჩის და თავისუფლების მოედნის 5 000 – დან 10 000 მანქანამდე განტვირთვის საშუალება იქნება“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, 4 თვის მანძილზე საჯარო კონკურსი გამოცხადდება და ამის შემდეგ შეეძლება საზოგადოებას იმსჯელოს, თუ როგორი იქნება რეალურად პუშკინის ქუჩა და როგორი იქნება ის კონსტრუქცია, რომელზეც მანქანები გადაივლის. სამუშიას განცხადებით, პუშკინის ქუჩის გაგანიერებით საფრთხე ისტორიულ მემკვიდრეობას არ შეექმნება და ის დაცული იქნება. „პროექტების არსებობის შემდეგ ზონის რეკონსტრუქცია საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვა. პროცესში ექსპერტებიც და ურბანისტებიც ჩაერთვებიან. ამ თემაზე თბილისის მერთან – დავით ნარმანიასთან საუბარიც მქონდა. ქალაქის მერი, ისევე როგორც საკრებულოს უმრავლესობა, მოწადინებულია, თავისუფლების მოედანზე პრობლემა განიმუხტოს. მთავარია, რიმ ეს ისტორიული ძეგლების დაცვის გზით მოხდეს. უნდა დავიცვათ ძეგლი, რომ იქ ტურისტიც ადვილად მივიდეს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ პუშკინის ქუჩის გაგანიერებას „ნაციონალური“ მოძრაობის დეპუტატები და ექსპერტთა ნაწილი მხარს არ უჭერს, რადგან ამ შემთხვევაში ისტორიულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება.