გია ვოლსკი: თავისუფალი ზონა“ და მათი მენტორები დაინტერესებულნი არიან, ჩრდილი მიადგეს ქვეყანას

„თავისუფალი ზონა“ და მათი მენტორები დაინტერესებული არიან, ჩრდილი მიადგეს ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „თავისუფალ ზონასა“ და „თავისუფალ თაობას“ შორის მომხდარ დაპირისპირებასა და ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
მისი თქმით, ერთი ჯგუფი – „თავისუფალი ზონა“ ორინტირებულია პროვოკაციების მოწყობაზე, ხოლო მეორე ჯგუფი – „თავისუფალი თაობა“ სააშკარაოზე მათ გამოტანაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, აღნიშნული ჯგუფები ერთმანეთს ინტელექტუალურად უნდა ეჯიბრებოდნენ და არა პროვოკაციებით. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის ხელშემწყობი ორგანიზაცია არქაულია, ამიტომ წარსულს უნდა ჩაბარდეს. „ერთი ჯგუფი ორიენტირებულია პროვოკაციების მოწყობაზე, მეორე ჯგუფი კი ცდილობს, პროვოკაციების მომწყობი ჯგუფი სააშკარაოზე გამოიყვანოს. ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, მით უმეტეს, თუ მათ საქმიანობაში ვინმე უფროსი, თუნდაც ყოფილი პარლამენტარი ურევია, მან ჭკუა უნდა დაარიგოს ახალგაზრდებს და უთხრას, რომ პოპულარული ინტელექტუალური ჭიდილია და არა პროვოკაციები – „კმარას“ სტილთ საქმიანობა ქვეყანაში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ევროპასთან ინტეგრაციაზე. ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური პარტიის ხელშემწყობები არიან, არის არქაული და წარსულს უნდა ჩაბარდეს, კამათი უნდა იყოს ინტელექტულური, რასაც მათ ვერ მოვკითხავთ. ჩხუბი და დავიდარაბა, რომელი ჯგუფიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს. თავისუფალი ზონა და მათი მენტორები დაინტერესებულები არიან, ჩრდილი მიადგეს ქვეყანას. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს უპირველესი ინტერესი არის სტაბილურობა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემეს. ჟურნალისტის განცხადებით, მას თავს “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტს “თავისუფალი ზონის” და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს შორის წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი “თავისუფალი ზონის” ოფისთან “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ “თავისუფალი ზონის” წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “თავისუფალი ზონის” წევრები კი ამბობენ, რომ “თავისუფალი თაობის” 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები