ზაქარია ქუცნაშვილი ხელისუფლების დადებით და უარყოფით ფაქტორებზე საუბრობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი მიღწევა თავისუფლებაა. ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიღწევებზე და წარუმატებლობების შესახებ ისაუბრა.
„მთავარი მიღწევა არის ის, რომ პირველმა ოქტომბერმა მოიტანა თავისუფლება. ის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ადამიანი და ადამიანობა არსებობს – თავისუფლება მედიისთვის, თავისუფლება ბიზნესისთვის, თავისუფლება არჩევნებისთვის, თავისუფლება სასამართლოსთვის. ეს არის 4 მთავარი მიღწევა, რასაც მე როგორც მოქალაქე, ვუთვლი ჩვენს ხელისუფლებას წარმატებად, იმიტომ, რომ მე ვხდავ, რომ ამ ოთხ მიმართულებაში თავისუფლება ქართველი ხალხის მხარდაჭერით და ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით შევძელით და შემოვიტანეთ“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატმა მთავრობის წარუმატებლობად და მთავარ პრობლემად უმუშევრობა დაასახელა.
„რაც შეეხება მეორე ნაწილს, წარუმატებლობას, მთავარ პრობლემად საქართველოს ბოლო სამი ათწლეულის მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. ეს პრობლემა არის და ჩვენ, იმ მდგომარეობას, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო, რომ ერთ დასაქმებულზე მოდის 3 სოციალურად დასაცავი პირი, შეუძლებელია შექმნა ჯანსაღი და თვითკმარი სოციალური უსაფრთხოების ბადე. მეორე ეს არის უსაფრთხოება, მესამე კი ეს არის ტერიტორიული მთლიანობა“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.