რუსთავის საკრებულო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს
რუსთავის საკრებულოს საფინასო-საბიუჯეტო კომისიამ წინა ხელისუფლების ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელე წინა ხელისუფლების მხრიდან 2011-2012 წლებში ქალაქის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს. დავით მაღლაკელიძის განცხადებით, ფინანსურ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დასკვნებს სამართალდამცავ სტრუქტურებს გადაუგზავნიან.
“საუბარია რუსთავის ბუჯეტიდან გახარჯულ და დამალულ თანხებზე, იმაზე, რომ ბიუჯეტის სახსრები არამიზნობრივადაა გახარჯული. ეს თანხები შეიძლებოდა მოხმარებოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას. მაგალითად მოვიყვან მონიტორს, რომელიც “სახელმწიფო ინტერესებიდან გადაუდებელი აუცილებლობის” მუხლით არის ბიუჯეტის სახსრებით შესყიდული. ამ მონიტორის ყიდვა იყო უფრო მნიშვნელოვანი თუ სოციალური პროგრამების დაფინანსება?! თანხები გამოყენებულია არამიზნობრივად და ამას თავისი კვალიფიკაცია აუცილებლად მიეცემა”, – განაცხადა დავით მაღლაკელიძემ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა, საკრებულოს საფინასო საბიუჯეტო კომისიას შემდგომი შესწავლის მიზნით, 2011-2012 წლებში გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელებული შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცა.
,,გადაუდებელი აუცილებლობის მუხლი საბიუჯეტო სახსრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელებას ითვალისწინებს. ვერ ვიტყვი, რომ მთელი რიგი შესყიდვები, რომელიც 2011-2012 წლებში წინა ხელისუფლების მიერ განხორციელდა, ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურებოდა. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მომავალში დასკვნებს ალბათ შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ”, – აღნიშნა მამუკა მამაიაშვილმა.