„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს თავს დაესხნენ – მას სავარაუდოდ “თავისუფალი ზონის” წევრები გაუსწორდნენ

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს ზაზა დავითაიას რამდენიმე პირი თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი „ტავისუფალი ზონის“ წევრებმა სცემეს. შემთხვევა საბურთალოზე, იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთასთან, „საქართველოს ბანკის“ შენობის წინ მოხდა. როგორც „კვირას“  თვითმხილველმა განუცხადა, მიწაზე დაგდებულ მამაკაცს რამდენიმე ადამიანი წიხლებით სცემდა.
„დავინახე, რომ მიწაზე დაგდებულ მამაკაცს რამდენიმე კაცი უტყავდა წიხლებს, სასტიკად სცემდნენ, თან ძალიან ბინძურ სიტყვებს ყვიროდნენ. „შე პუტინის მონა“ – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი ნაცემ მამაკაცს. ამ ყველაფერს თავდამსხმელები ვიდეო-კამერით იღებდნენ. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. მაღაზიებიდანაც ხალხი გამოვიდა, თუმცა დახმარება ვერავინ გაბედა. ამის შემდეგ საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა, რომელმაც სასწარაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გავიგე რომ, ის ჟურნალისტი ზაზა დავითაია იყო“, – აღნიშნა თვითმხილველმა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა). საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353 (პოლიციისთვის წინააღმდეგობა) და 187 (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები